დემოკრატიული ტერორი

დემოკრატიული ტერორი

ამერიკული კინოინდუსტრიის საშუალებით მიგვაჩვიეს, რომ ამერიკის შეერთეუბლი შტატები არის ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე სამართლებრივი ქვეყანა, სადაც დაცულია ადამიანის ყველანაირი უფლება… ამერიკულ ფილმებში ვუყურებთ პოლიციელებს მომღიმარი სახეებით, იუმორის გრძნობით, რომლებიც მოქალაქეს ზრდილობიანად მიმართავენ – „თქვენ გაქვთ უფლება…“. ერთი სიტყვით, ამერიკულმა კინოინდუსტრიამ შექმნა ზრდილობიანი, კეთილი პოლიციელის სახე, რომელსაც თამამად შეგიძლია სთხოვო დახმარება… 

ახლა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ამერიკელი პოლიციელის ეს იმიჯი რეალობას, რას წარმოადგენს ამერიკული დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ამერიკული სამართალი თავად ამერიკელთათვის. გავეცნოთ ამერიკულ რეალობას „ჰოლივუდური ღიმილის“ გარეშე…

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს პოლიციელებმა 1103 ადამიანი მოკლეს! მარტო წლეულს, დღევანდელი დღის ჩათვლით, ამერიკელი პოლიციელების ხელით უკვე 224 ადამიანი დაიღუპა.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ყოველ 8 საათში პოლიციელი ერთ ადამიანს კლავს! ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელის ხელით დღე-ღამეში სამი ამერიკელი იღუპება, – ყოველგვარი სასამართლოს, განაჩენის გარეშე!

ამ სტატისტიკის ონლაინ ამსახველი მასალა შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე killedbypolice.net (ვებსაიტის დასახელება ითარგმნება, როგორც „მოკლულია პოლიციის მიერ“), სადაც მსხვერპლთა გვარ-სახელის გასწვრივ მითითებულია მათი ასაკი, მკვლელობის თარიღი, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ფაქტობრივი მასალა.

შედარებისთვის: იგივე 2014 წელს კანადაში მხოლოდ 15 ადამიანი გახდა სამართალდამცავთა მსხვერპლი. 2014 წელს დიდ ბრიტანეთში სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლეს. ინეთში, რომლის მოსახლეობა აშშ-ში მცხოვრებთ 4,5-ჯერ აღემატება, იმავე 2014 წელს პოლიციელთა ხელით მხოლოდ 12 ადამიანი იქნა მოკლული. გერმანიაში 2014 წელს სამართალდამცავებს არავინ მოუკლავთ! ისლანდიაში, არა კონკრეტული ერთი წლის, არამედ მთელი ისლანდიის ისტორიის მანძილზე, პოლიციელმა მხოლოდ ერთხელ მოკლა ადამიანი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად, პოლიციელების ხელით 10-ჯერ მეტი მოქალაქე იღუპება, ვიდრე ტერორისტები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში.

აშშ-ში პოლიციელები კლავენ ყოველგვარი მოტივის გარეშე, კლავენ ახალგაზრდებს, კლავენ ბავშვებს! ეს არ არის უბრალო სიტყვები…

პოლიციელთა მიერ ბავშვების მკვლელობის ისტორია არაერთ ამბავს ინახავს, თუმცა, პირადად მე, ყველაზე მეტად კრისტიანას ამბავმა შემძრა, რომელიც გასულ წელს მოხდა და რომელიც არც ერთმა ქართულმა „დამოუკიდებელმა“ და „თავისუფალმა“ ტელევიზიამ არ გადმოსცა, თუმცა მისი მკვლელობის ამსახეველმა ვიდეომასალამ მთელი საღად მოაზროვნე კაცობრიობის რეაქცია გამოიწვია.

Kristiana Coignard

17 წლის კრისტიანა კოინარდი (Kristiana Coignard) დახმარების სათხოვნელად პოლიციის განყოფილებაში შევიდა. რადგან იქ ვერავინ დაინახა, ფოიეში დაიწყო ლოდინი. ეს მისი სიცოცხლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლიციის განყოფილებაში შესვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იგი სამმა პოლიციელმა დახვრიტა!

მისმა მკვლელობამ დიდი ვნებათაღელვა და დემონსტრაციები გამოიწვია. ჰაკერების ჯგუფმა სახელწოდებით „Hacktivist“ გატეხა ქალაქის პოლიციის სერვერი და მოიპოვა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელსაც აქ გთავაზობთ. მასზე ხმა, რა თქმა უნდა, არ არის. იგი 23:45 წუთი გრძელდება. თავიდან იგი შეიძლება უინტერესოდ მოგეჩვენოთ, რადგან ვიდეოჩანაწერი, შეგნებულად, არ არის მოჭრილი და დამონტაჟებული. მასზე ასახულია კრისტიანას მიერ პოლიციის განყოფილების კარების შეღებიდან დაწყებული – ყველაფერი, რაც იქ მოხდა. მოქმედება მე-7 წუთიდან იწყება… უნდა გაგაფრთხილოთ – თუ სუსტი ნერვები გაქვთ, უმჯობესია ვიდეო არ ნახოთ…

კრისტიანა კრიმინალი არ იყო. იგი 4 წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა. ამას იგი ძალიან განიცდიდა და ხშირად დეპრესიაშიც ვარდებოდა, რა დროსაც ორჯერ სცადა თავის მოკვლა. მთელი მისი „დანაშაული“ დედის მონატრება იყო. კრისტიანას სახსოვრად შექმნილია ფეისბუკ გვერდი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: Kristiana და ნახოთ მისი ღიმილით და სიყვარულით აღსავსე სურათები, მეგობრების მოგონებები. ასევე გაკეთებულია კრისტიანას მემორიალური დაფა, წარწერით „მისი ღიმილი“.

Kristiana Coignard Memory

„თუმც მისი ღიმილი სამუდამოდ გაქრა, და მის ხელებს ვერ შევეხები, კვლავ ბევრი მაქვს მოგონება მასზე, ვინც ძლიერ მიყვარდა. ეს მოგონებანი მეხსიერების ის საჩუქარია, რომელსაც არასდროს გავშორდები. ღმერთმა მიიღო იგი თავისთან, მე კი მას გულში ვინახავ. გვაკლიხარ ძლიერ და ვერასდროს დაგივიწყებთ…“

* * *

Andy Lopez

პოლიციელებმა 2013 წელს კალიფორნიაში მოკლეს 13 წლის ბავშვი – ენდი ლოპესი, რომელსაც ხელში სათამაშო ავტომატი ეჭირა. სათამაშო მისი მეგობრის იყო, რომელთანაც იგი სტუმრად მიემართებოდა და თან მიჰქონდა. პოლიციელს მოეჩვენა, რომ ბავშვი ნამდვილი იარაღით იყო შეიარაღებული და მოსთხოვა დაეგდო იარაღი, რასაც ბავშვი, თითქოსდა, არ დაემორჩილა. უნებლიე თვითმხილველის განცხადებით კი, პოლიციელმა, უკვე ტყვიით დაჭრილ და მიწაზე დაგდებულ ბავშვს, კიდევ ორი ტყვია დაახალა, რის გამოც ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ენდი ბეჯითი მოსწავლე იყო, კარგი ოჯახიდან. იგი სკოლის ანსამბლში საყვირზე უკრავდა… პოლიციელი გაამართლეს!

Christian Sierra

17 წლის კრისტიან სიერა სკოლის ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. ალბათ, გარდატეხის პერიოდის ამბავია მისი სიცოცხლის ბოლოდროინდელი დეპრესია. გასული წლის 24 მაისს, რაღაცით გაღიზიანებულმა, თვითმკვლელობა სცადა, – მან საკუთარი თავი დანით დაიზიანა. როცა ეს მისმა მეგობარმა შენიშნა, 911-ზე დარეკა. (მოგეხსენებათ, 911 აშშ-ში სახანძრო, პოლიციისა და სამედიცინო დახმარების სამსახურების საერთო ტელეფონის ნომერია). როცა კრისტიანმა გაიგო მეგობრის საქციელი, სახლიდან გავარდა, ჭრილობის დაფარვა კი ხელსახოცით სცადა. როგორც კი ქუჩის კუთხეში შეუხვია, გაისმა 4 საბედისწერო გასროლა, რომელმაც 17 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. გასისხლიანებული და აღგზნებული მოზარდის დანახვა პოლიციელისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოთხი (!) ტყვია ესროლა. პოლიციელი გაამართლეს!

Aiyana Jones

პოლიციელებმა 2010 წელს დეტროიტში 7 წლის გოგონა აიანა სტენლი ჯონსი (Aiyana Jones) საკუთარ სახლში მოკლეს. იგი იმის გამო დაიღუპა, რომ სამართალდამცავებმა ხელყუმბარა შეაგდეს მისი ოთახის ფანჯარაში, შემდეგ ავტომატებით შეიარაღებულნი შევარდნენ და ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციელებს, უბრალოდ, მისამართი შეეშალათ. მისმა ნათლიამ განაცხადა, რომ ძნელი იყო პოლიციელებს ვერ შეენიშნათ სათამაშოებით და საბავშვო ნივთებით სავსე ოთახი.

Michael Brown

2014 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ფერგიუსონში (მისურის შტატი) პოლიციელმა 18 წლის შავკანიანი, მაიკლ ბრაუნი მოკლა. მკვლელობის მიზეზი მანქანის სავალ ნაწილზე გადასვლა გახდა. პოლიციელმა გაჩერება მოთხოვა, რასაც კამათი მოჰყვა. მაიკლმა გაქცევა სცადა. პოლიციელმა ესროლა. დაჭრილი მაიკლი გაჩერდა და ხელები ასწია. პოლიციელმა კიდევ რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც მაიკლი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელმა შემთხვევის ადგილი დატოვა. მაიკლ ბრაუნის ცხედარი ხუთი საათის განმავლობაში ეგდო ასფალტზე, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდოდა და ცხედარს მორგში გადაიტანდა. ამერიკულმა მართლმსაჯულებამ ვერ იპოვა საკმარისი საფუძველი, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელის წინააღმდეგ. პოლიციელი გაამართლეს!

ამ ამბავმა დიდი რეაქცია გამოიწვია ქალაქის მოსახლეობაში, რაც დიდ მღელვარებაში გადაიზარდა. ხელისუფლებამ, მოსახლეობის დასაშოშმინებლად, ქალაქში შეიარაღებული ნაციონალური გვარდია შეიყვანა. დემონსტრაციებმა, რომლებიც გასული წლის აგვისტოდან დაწყებული ნოემბრის ჩათვლით ფართომასშტაბიანი არეულობებით გრძელდებოდა, ამერიკის რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა. ამ ამბავს ფართოდ აშუქებდა როგორც ამერიკული, ისე საერთაშორისო მედია, – ქართული ტელემედიის გამოკლებით.

* * *
ამერიკული იდეოლოგიით მართულმა ქართულმა ტელეარხებმა არ გადმოსცეს აშშ-ის პოლიციელთა მიერ თინეიჯერთა დახოცვის უამრავი მსგავსი ამბავი, რადგან აშშ ჩვენთვის „დემოკრატიის“ და „ადმიანის უფლებების“ დამცველად უნდა დარჩეს, ამერიკელი პოლიციელი კი -„მომღიმარი“ და „ზრდილობიანი“, რათა ქართველებმა ეჭვი არ შევიტანოთ „ამერიულ სამართალში“. საქართველოში არ გადმოსცემენ ისეთ შემზარავ ამბებსაც კი, რომლებსაც თავად აშშ-ის ტელეარხები აშუქებენ. ჩვენ კი, ტელეეკრანებიდან ქართული ტელემედიის დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე გველაპარაკებიან და ერთ ამბავს ტეხენ – „რეკლამის შეზღუდვით დამოუკიდებლობა გვეკარგებაო“.

წარმოვიდგინოთ, რომელიმე ზემოთაღნიშნული ამბავი რუსეთში რომ მომხდარიყო. დღემდე ილაპარაკებდა „დამოუკიდებელი“ და „თავისუფალ-დემოკრატიული“ „რუსთავი 2“ ამაზე, ილაპარაკებდნენ „ნაციონალები“ და ამერიკული დოლარებით დაფინანსებული პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ლექსიკაში ხშირად გავიგონებდით სიტყვებს: „პირსისხლიანი“, „ძალადობრივი“, „რეჟიმი“, „განუკითხაობა“, „ქვეყანა, სადაც ადამიანებს კლავენ“… მაგრამ, ამერიკული დოლარებით დაფინანსებულებმა იციან, „რა ილაპარაკონ“, რომ მომავალ წელსაც მიიღონ დაფინანსება. ბევრ მათგანს მინისტრზე და ქვეყნის პრეზიდენტზე დიდი ხელფასი აქვს. ჩვენ კი ვუსმენთ მათ ტელეეთერით, და გვჯერა მათი „სიმართლის“. „რუსთავი 2“-ში კი, როგორც თავად ამბობენ, „კეთდება ახალი ამბები“…

აშშ-ში პოლიციელები კლავენ უიარაღოს, კლავენ უდანაშაულოს საკუთარ სახლში, კლავენ სამუხრუჭე ხუნდების ხელში ჭერისთვის, რომელსაც შეცდომით დანად მიიჩნევენ, კლავენ კოლექტიურად, როდესაც 7-8 პოლიციელი ერთობლივად ცლის მჭიდს ერთი ადამიანის მიმართულებით – ამას, ყველა ენზე, დახვრეტა ჰქვია! და ამ ყველაფრის შემდეგ, ამერიკული სამართალი თითოეულ პოლიციელს ამართლებს, მათ არანიარ სასჯელს არ აკისრებს…

ეს პოლიციელთა მხრიდან თავნებობა არ არის, ამერიკული კანონმდებლობა აძლევთ მათ უფლებას იყვნენ ცხოველები, და შემდგომ სწორედ ეს კანონმდებლობა ამართლებთ მათ.

აქვე გთავაზობთ თავად ამერიკელების მიერ მომზადებულ ვიდეოს, სადაც ასახულია პოლიციელების მიერ უიარაღო ადამიანების დახვრეტა. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულმა მართლმსაჯულებამ ვიდეოში ნაჩვენები თითოეული პოლიციელი გაამართლა, მეტიც – ზოგიერთი მათგანი დააწინაურეს კიდეც!

აშშ პირველ ადგილზეა ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის მიხედვით. აშშ-ში ყოველ ასი ათას მოსახლეზე 738 პატიმარი მოდის. მსოფლიოში ყველა პატიმართა რაოდენობის 25 პროცენტი (2,3 მილიონი ადამიანი) სწორედ აშშ-ის ციხეებშია.

ამავდროულად, ამერიკის საპატიმროებში, საგანგებო ბრძანებით, ნებადართულია წამება! აშშ-ში სასიკვდილო განაჩენი შეიძლება არასრულწლოვანსაც გამოუტანონ. ბოლო ათწლეულის მანძილზე, მთელ მსოფლიოში არასრულწლოვანთათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების ორი მესამედი სწორედ აშშ-ზე მოდის. აშშ-მა, ისევე როგორც სომალიმ და სამხრეთ სუდანმა, ხელი არ მოაწერეს ბავშვთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციას.

ამ ყველაფრის მერე, მახსენდება რონალდ რეიგანი, რომელმაც საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა, მიუთითა რა საბჭოთა კავშირის რეჟიმის ამორალობაზე. საინტერესოა, რას უწოდებდა იგი აშშ-ს დღეს და რამდენად მორალურად ჩათვლიდა მის პოლიციურ რეჟიმს?

P.S. დღეს ხშირად გვესმის, თუ როგორი კარგი პოლიცია შექმნა „ნაციონალების“ რეჟიმმა საქართველოში. მაგრამ არავინ ამბობს, რომ ამ პოლიციის შესაქმნელად ამერიკელი „ექსპერტები“ მონაწილეობდნენ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პრინციპით „რაც „კარგია“ ამერიკელი ხალხისთვის, „კარგია“ ქართველებისთვისაც“.

სწორედ ამ პოლიციამ შექმნა ნიღბიანი, შეიარაღებული „ცხოველთა კასტა“ საკუთარ ხალხზე დასაგეშად. სწორედ ასეთი „კარგი“ პოლიციის გამოძახილია ტოტალური მოსმენები, მშვიდობიანი მიტინგის უმოწყალოდ დარბევა, მასობრივი დაპატიმრებები, ციხეში გამოკეტილი ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე და წამება ციხეში, ქუჩაში ჩაცხრილვა… და სახელები – ბუტა, სანდრო, ზურა…

სახელთა ჩამონათვალი გაიზრდებოდა, რომ არა საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილის მწვავე რეაქცია. ყველანი კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ იმ პოლიტიკურ ძალას დავუჭერდეთ მხარს, რომელიც ყურმოჭრილად ემორჩილება ამერიკის ხელისუფლებას და მზადაა საქართველოში ექსპერიმენტების ჩასატარებლად, პოლიციური წესრიგის დასამყარებლად – იქნებიან ეს „ნაციონალები“ თუ სხვა „გვარ-სახელის“ მატარებლები.

დავფიქრდეთ, რათა თავად არ გავხდეთ მონები საკუთარ ქვეყანაში!

ტეგები:, , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: