ოკულტური დანიშნულების ტაძარი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

რუსეთში, არც მეტი, არც ნაკლები, ოკულტური დანიშნულების, წარმართული ტაძარი გახსნეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაძარი ომის ღმერთს მიუძღვნეს. თავად ომის მრისხანე ღმერთი არესი ტაძარში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ ტაძარი მთლიანადაა გაჟღენთილი ომის სიმბოლიზმით. 

საჭიროა თავიდანვე აღვნიშნო, რა არის ოკულტიზმი – ეს არის მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. სიტყვა ოკულტური კი, აღნიშნავს იმქვეყნიურ სამყაროსთან, საიქიოსთან იდუმალად დაკავშირებულს. ოკულტიზმი მიღებულია, როგორც ეშმაკის ცდუნება. ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილად ითვლება ნუმეროლოგია.

ახლა კი, კონკრეტულად…

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ 22 ივნისს, სამამულო ომის დაწყების დღეს (!), რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, საზეიმოდ გახსნა. ტაძარი ქრისტეს აღდგომის, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის და ომებში რუსი ხალხის გმირობის პატივსაცემად აშენდა.

სცოდნოდა სტალინს, რომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან 75 წლის შემდეგ ასეთი რამ მოხდებოდა, თანაც მოსკოვთან ახლოს, შეიძლება საერთოდ გადაეფიქრა ბერლინის აღება.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარიტაძარი დატვირთულია უამრავი სიმბოლიზმით, კერძოდ: მისი მშენებლობა, ოფიციალურად, 9 მაისს დამთავრდა – გამარჯვების დღეს; ტაძრის გუმბათის დიამეტრი 19,45 მეტრია, რაც ომის დამთავრების წელს აღნიშნავს; სამრეკლოს სიმაღლე 75 მეტრია, რაც ომის დამთავრების 75 წლისთავს აღნიშნავს; პატარა გუმბათის სიმაღლე 14,18 მეტრია – სწორედ 1418 დღე მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები დიდ სამამულო ომში; მთავარ კანკელში 431 ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვაა – სწორედ ამ რაოდენობის მსროლელი დივიზია მონაწილეობდა ომში; ტაძარში 48 ხატია, რაც საომარი მოქმედებების თვეების რაოდენობაზე მიუთითებს; შესასვლელ თაღში მტრედის, როგორც წმინდა სულის, ფიგურის გარშემო გამოსახული 75 სხივი ომის დამთავრებიდან 75 წელს აღნიშნავს, ხოლო 1418 ვარსკვლავი მოზაიკაში ომის დღეების რაოდენობას უკავშირდება.

ტაძარს გააჩნია 6 გუმბათი. ტაძრის შენობაში 6 ათასამდე ადამიანი ეტევა. ტაძრის მშენებლობის ღირებულებამ 6 მილიარდი რუბლი შეადგინა. ტაძარი მთლიანად სამხედრო ფერში – ხაკისფერშია გადაწყვეტილი. ტაძრის კედლები მოხატულია ფრესკებით, რომლებიც ასახავენ ბატალურ სცენებს ომის ისტორიისდან. ჭერის ვიტრაჟებზე გამოსახულია 40 ცალი 6-მეტრიანი სამხედრო ჯილდო, რომლებითაც აჯილდოვებდნენ მეომრებს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის რუსეთის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.

ზარებზე გამოსახულია დიდ სამამულო ომში გამარჯვების თემატიკა და რუსული არმიის მფარველ ანგელოზთა ხატები. ტაძრის მთავარი ზარი მორთულია ომის მოვლენების ამსახველი ბარელიეფებით. ზარების დასამზადებლად სამუშაოები 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. სულ ანსამბლში 18 ზარია, რომელთაგან 17 რუსეთის ჯარების სახეობებს უკავშირდება. ტაძრის თითოეული სამლოცველო რუსეთის შეიარაღებული ძალების სახეობების მფარველ წმინდანებს ეძღვნება – საჰაერო-კოსმოსური და საჰაერო-სადესანტო ძალების მფარველს, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მფარველს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის მფარველს, სახმელეთო ძალების მფარველს…

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

ტაძარში ვლადიმერ პუტინის, სერგეი შოიგუს და ვალენტინა მატვიენკოს ამსახველი მოზაიკაც იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც, ამასთან დაკავშირებით, პუტინმა განაცხადა „ჯერ ადრეაო“, მოზაიკა მოხსნეს და შეინახეს, როგორც ისტორიული არტეფაქტი. თავიდან, ტაძარში, ასევე გააკეთეს მოზაიკა სტალინის გამოსახულებით, რამაც დიდი უკმაყოფილება და ვნებათა ღელვა გამოიწვია. ვერ უშველა ვერც თავდაცვის მინისტრის მოადგილის, რუსეთის ფედერაციის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი კარტაპოლოვის გამოსარჩლებამ, რომელმაც განაცხადა: „სტალინი უმაღლესი მთავარსარდალი იყო, სწორედ მან იტვირთა ომის სიმძიმე და ღებულობდა ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს. სტალინმა დააბრუნა რელიგია და ვიღაც უცხოელი ბატონები მოგვიწოდებენ, გვრცხვენოდეს მისი“. საბოლოოდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპერტებმა მოზაიკა ჩამოახსნევინეს და ტაძრის გვერდით არსებულ მუზეუმში გადაიტანეს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თემურ ივანოვმა ტელეარხ „ზვეზდას“ ეთერში განაცხადა, რომ ტაძარში არის ნამდვილი რელიკვიები (რელიკვია – რელიგიური თაყვანისცემის საგანი), როგორიცაა ჰიტლერის კოსტუმი და ქუდი. მოგვიანებით, სამინისტრომ განმარტა, რომ ივანოვს არ უგულისხმია ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო მემორიალურ კომპლექსში დაცული ჰიტლერის ნივთები „ნამდვილ რელიკვიად“.

კიდევ ერთი ნიუანსი – ტაძრის შორიახლოს მოსახლეობა არ ცხოვრობს, დასახლებული პუნქტი არაა და, შესაბამისად, უზარმაზარ ტაძარს არც მრევლი ჰყავს.

ვისაც ეჭვი გაქვთ, არის თუ არა ეს ტაძარი წარმართული და ოკულტური დანიშნულების, შეეცადეთ გასცეთ პასუხი მარტივ კითხვას – რა კავშირშია ამ ყველაფერთან ქრისტე და ქრისტეს მოძღვრება? ვფიქრობ, პასუხის გაცემა ფროიდის დახმარების გარეშეც შეიძლება. ერთი კი ცხადია – განსხვავება ქართულ მართლმადიდებლურ რწმენასა და დღევანდელი რუსული ეკლესიის „მართლმადიდებლობას“ შორის საკმაოდ დიდია.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი

ახლა რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი კუჟუგეტს. დიახ, არ შემშლია. საქმე ისაა, რომ სერგეის მამას სახელად შოიგუ ერქვა, გვარად კი კუჟუგეტი იყო. საპასპორტო განყოფილებაში, 1971 წელს, სერგეის პასპორტში მონაცემები არასწორად ჩაწერეს და წესით ის სერგეი შოიგუს ძე კუჟუგეტი უნდა იყოს.

სერგეი, მონღოლეთის მოსაზღვრედ მდებარე, ტუვის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ჩადანში დაიბადა. მას მეტსახელად „შაითანს“ ეძახდნენ, რადგან 10 წლის ასაკიდან ის ერთ-ერთ ტუველ ლამას ეხმარებოდა საიდუმლო რიტუალების ჩატარებაში. მალევე თავისი შემოსავალიც გაუჩნდა – ლენინგრადის უნივერსიტეტის არქეოლოგები დაჰყავდა ტუველთა მიტოვებულ საცხოვრებლებში, ყორღანებში, რისთვისაც სეზონზე საკმაოდ დიდ ანაზღაურებას ღებულობდა. იგი პატარაობიდანვე ძალიან კარგად ერკვეოდა ძველ მაგიურ რიტუალებში.

სერგეის მამა, შოიგუ კუჟუგეტი, როგორც ახლა იტყვიან, თვითდასაქმებული იყო – მას ფამფარულას (კევის ბალახი) დიდი პლანტაცია ჰქონდა, რომლისგანაც „ჯადოსნურ წამლებს“ ამზადებდა. ამბობდნენ, სწორედ ეს გახდა მისი დაწინაურების მიზეზიო – პოლიტბიუროს მადლიერი მოხუცი წევრების პროტექციით, ის ტუვის ასსრ-ს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ სერგეი შოიგუს ფსიქოლოგიას, ვფიქრობ, საინტერესოა ვიცოდეთ ვინ ყოფილა მისთვის მიბაძვის მაგალითი. თურმე, ახალგაზრდა სერგეის შთაგონების წყარო, ბარონი უნგერნი იყო. უნგერნი „თეთრი არმიის“ გენერალ-ლეიტენანტი იყო, აზიის ცხენოსანთა დივიზიის მეთაური და 1919 წლიდან მონღოლეთის დიქტატორი. ბარონი „ომის რომანტიზმით“ იმდენად ყოფილა გაჟღენთილი, რომ არ ღებულობდა პრესტიჟულ თანამდებობებზე დანიშვნის შეთავაზებებს – დედაქალაქის შტაბში ჯდომას ბრძოლის ველს ყოფნას ამჯობინებდა. ამბები მისი სისასტიკის შესახებ გავრცელდა მთელს მონღოლეთში და იმიერბაიკალეთის სტეპებში. 1921 წელს ის ტყვედ ჩავარდა და დახვრეტილ იქნა ციმბირის რევოლუციური ტრიბუნალის განაჩენით.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ემბლემა

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ემბლემა

რადგან სიმბოლიზმებზე ვლაპარაკობთ, აქვე უნდა გავიხსენოთ სერგეი შოიგუს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში (რომელსაც ის 1994 წლიდან 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა) მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ, ამ სამინისტროს ემბლემა – რვაქიმიანი ქაოსის ვარსკვლავი, სანსარა (სამსარა), რომლის შუაგულში გამოსახულია პირამიდა. (სამსარა ინდურ რელიგიებში არის ღმერთის, ადამიანის თუ ცხოველის ახლად შობა მარადიულ წრებრუნვაში, რაც ტანჯვასთან არის დაკავშირებული. ინდივიდს შეუძლია სამსარადან გათავისუფლება ყველა ჩვეული კავშირის, ლტოლვისა და სასურველი წარმოდგენის უარყოფით, აგრეთვე სპეციალური ცოდნით. სამსარა დაკავშირებულია სულთა გადასახლებასთან).

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რას წერენ რუსეთის დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე ექსპერტები: „სერგეი შოიგუმ, მოსკოვში, კარიერა დაიწყო როგორც ბოევიკმა – 1991 წელს, გკჩპ-ს დროს, შამილ ბასაევის რაზმებთან ერთად მისი ხალხი იცავდა თეთრ სახლს. ამ დროისთვის ელცინმა, სათავისოდ, დანიშნა ის რსფსრ-ს სპეცსამსახურის – „რუსეთის მაშველთა კორპუსის“ უფროსად. ელცინს მაშინ არმია არ ჰყავდა, არც „კგბ“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამიტომ საკუთარი ნახევრადლეგალური რაზმი ერთადერთი გამოსავალი იყო მისთვის“.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, შოიგუ ელცინის მთავარი საყრდენი იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ შოიგუ, და არა გენერალი ლებედი, ფიგურირებდა კრემლის კანდიდატადო. ამბობენ, ელცინს ჯერ კიდევ 1998 წელს სურდა შოიგუსთვის ძალაუფლების გადაცემაო. მეორეჯერ მისი სახელი 2002-03 წლებში ამოტივტივდა, როცა გადატრიალება და პუტინის შოიგუთი ჩანაცვლება მოისურვესო. თუ იმავე ექსპერტებს დავუჯერებთ, ბოლოს შოიგუს სახელი, თურმე, სერიოზულად ფიგურირებდა 2008-09 წლებში, როცა „თანამდებობისთვის შეუფერებელ“ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ჩანაცვლება მოისურვესო.

ასეა თუ ისე, სერგეი შოიგუ რუსეთის პრეზიდენტობის მთავარ სარეზერვო კანდიდატურად რჩება. ზემოხსენებული ტაძრის მშენებლობაც სწორედ მისი გადაწყვეტილებაა.

ახლა თავად დაფიქრდით, რამდენად მართებულია მოსაზრება „რუსეთიდან საფრთხე მომდინარეობს“… გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი დღეს, სამწუხაროდ, არც საბჭოთაა და არც სოციალისტური. რეალობა რადიკალურად შეიცვალა. გასულ საუკუნეში ერთმა „სახელმწიფო მოღვაწემ“, რომელიც ასევე სიმბოლიკით იყო გატაცებული და გრანდიოზული ნაგებობების მშენებლობა უყვარდა, რა საქმეები დაატრიალა, ყველამ კარგად ვიცით.

რას იფიქრებდა სტალინი, რომ მის მიერ ნაშენი საბჭოთა კავშირი ასე დაინგრეოდა, ხოლო რუსეთის ხელისუფლებაში ასეთი საეჭვო ადამიანები მოვიდოდნენ?!

P.S. ტაძარი, რომელიც ომს ეძღვნება, არის სატანის და არა ღმერთის!

ტეგები:

დატოვე კომენტარი